დიდი ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის ორმა წევრმა - კანცლერმა (ფინანსთა მინისტრი) რიში სუნაკმა და ჯანდაცვის საკითხთა მდივანმა საჯიდ ჯავიდმა თანამდებობები დატოვეს.
თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გავრცელებულ განცხადებებში პოლიტიკოსებმა ეთიკურ მიზეზებზე ისაუბრეს.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ ვწუხვარ, რომ ვეღარ გავაგრძელებ მოვალეობის შესრულებას სუფთა სინდისით", - თქვა ჯავიდმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
საჯიდ ჯავიდის თქმით, მან დაკარგა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის ნდობა.
რიში სუნაკის განცხადებით, აცნობიერებს რა იმას, რომ შესაძლოა ეს იყოს მისი ბოლო თანამდებობა მთავრობის კაბინეტში, ვეღარ ხედავს შესაძლებლობას, განაგრძოს მოვალეობის შესრულება.
"ხალხს აქვს უფლება მოელოდეს ხელისუფლებისგან სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულობით მართვას <…> მე მჯერა, რომ [მაღალი] სტანდარტებისთვის ღირს ბრძოლა და ამიტომ ვტოვებ თანამდებობას", - განაცხადა სუნაკმა.
მთავრობის წევრების გადადგომა უკავშირდება ბრიტანეთის სახელისუფლებო წრეებში აგორებულ მორიგ სკანდალს, ამჯერად, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კრინს პინჩერმა, რომელსაც ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სექსუალურად შეავიწროვა ორი მამაკაცი დეპუტატი.
მომხდარის ფონზე, 30 ივნისს პინჩერი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა. ამავდროულად, გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ჯონსონი ინფორმირებული იყო პინჩერის ქმედებების შესახებ წარსულში, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც დანიშნა მაღალ თანამდებობებზე.
დღეს მიცემულ ინტერვიუში, ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა კრის პიჩერის თანამდებობაზე დანიშვნის გამო.