უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1-2 ივლისს არეულობების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უზბეკეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მანამდე აღნიშნული ინფორმაცია უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზოევმაც დაადასტურა.
უწყების ცნობით, დაშავდა 243 ადამიანი. მათ შრის 94 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
უზბეკეთში მასობრივი არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო რეფორმა. კანონპროექტის თანამად, ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან უნდა ამოღებულიყო სიტყვა სუვერენული და გაუქმებულიყო მუხლი, რომელიც რესპუბლიკას უზბეკეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას აძლევდა.
პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუქუსსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის გამო უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზოევი ორჯერ ჩავიდა ნუქუსში. 2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.
რეგიონში ვიზიტისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ცვლილება აღარ განხორციელდება და კონსტიტუციაში ყარაყალპაკეთის სტატუსი უცვლელად დარჩება.
რეგიონში ცხოვრობს 2 მილიონამდე ადამიანი - უზბეკები, ყაზახები და ყარაყალპაკები.
1930 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ყარაყალპაყეთის ავტონომიური ოლქი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოიყვანა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას გადასცა.
1936 წელს ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკას დაუბრუნდა. 1936-1990 წლებში ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.
უკვე 1990 წელს ყარაყალპაყეთის რესპუბლიკამ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი გამოაცხადა, თუმცა 1993 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას უზბეკეთთან, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში შედიოდა 20 წლით, თუმცა რეფერენდუმის მეშვეობით გამოსვლის უფლებას ინარჩუნებდა.