შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 820 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. იტყობინება პენტაგონი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი.
როგორც ახალი დახმარების პაკეტის ნაწილი, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის ორ ნორვეგიულ მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს - NASAMS, საბრძოლო მასალას ადრე მიწოდებული HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე 150 000 ერთეული 155 მმ ჭურვსა და 4 ანტი საარტილერიო რადარს.
ამ კვირის დასაწყისში, CNN იტყობინებოდა, რომ აშშ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავდა. CNN-ის ცნობით, უკრაინა აშშ-ისგან ითხოვდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ს, რომლის მოქმედების მანძილი 150 კილომეტრზე მეტია. როგორც ჩანს, ვაშინგტონმა კიევის თხოვნა დააკმაყოფილა.
23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ჩავიდა ამერიკული მაღალი მობილობის, მრავალჯერადი საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS).
პენტაგონის ბოლო მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯამში 6,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, ხოლო მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა - 7.6 მილიარდი დოლარის.