შეერთებული შტატები ამ კვირაში აპირებს გამოაცხადოს, რომ უკრაინისთვის შეიძინა მოწინავე, საშუალო და შორი მანძილის (მიწა-ჰაერი) სარაკეტო თავდაცვის სისტემები. იტყობინება CNN.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში, "დიდი შვიდეულის" ლიდერებს ხვდება, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ აშშ უკრაინას მიაწვდის "უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო მასალას".
CNN-ის ცნობით, უკრაინა აშშ-ისგან ითხოვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ს, რომლის მოქმედების მანძილი 150 კილომეტრზე მეტია.
უკრაინული ძალების მოთხოვნის საპასუხოდ, ამ კვირაში ასევე გამოცხადდება სხვა სახის სამხედრო დახმარების გადაცემა, მათ შორის დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალა და რადარები.
გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა დამატებითი 450 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.
23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ჩავიდა ამერიკული მაღალი მობილობის, მრავალჯერადი საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS).
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 4.6 მილიარდი დოლარის დახმარება.