საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახ კოლეგა ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.
შეხვედრა ასტანაში, ეუთოს სამიტის ფარგლებში, დაახლოებით ერთი საატის წინ, დახურულ ფორმატში გაიმართა. მასზე მხარეებმა, სავარაუდოდ, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღნიშნულის გარდა, მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართოს.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში, 11-წლიანი პაუზის შემდეგ ეუთოს სამიტი მიმდინარეობს. ეს ორგანიზაციის რიგით მე-7 შეკრებაა. მას 61 ქვეყნის უმაღლესი რანგის პირები ესწრებიან, მათ შორის 26 პრეზიდენტი.
ყაზახეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელიც როტაციის პრინციპით ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ეუთოს სამიტის მონაწილეები ძირითადად კონფლიქტებზე იმსჯელებენ, მათ შორის განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო-რუსეთის ომი და ამის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.