საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, "რუსეთს უკრაინაში გამარჯვება არ შეუძლია და არ უნდა გაიმარჯვოს". ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა გაიმარჯვოს უკრაინაში. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამ გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება და მომდევნო კვირებსა და თვეებში მხარდაჭერის ინტენსივობა გაიზრდება", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ბავარიის ალპებში, ელმაუს ციხე-სიმაგრეში, გერმანიის თავმჯდომარეობით, "დიდი შვიდეულის" სამიტი გაიმართა, სადაც ლიდერები უკრაინის განუსაზღვრელი ვადით მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.