თურქული კომპანია Baykar-ი, რომელმაც სახელი გაითქვა უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის წარმოებით, უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს 3 საფრენ აპარატს. აღნიშნულის თაობაზე იტყობინება თავად კომპანია, რომელიც აცხადებს, რომ არ აიღებს თანხას, რომელიც უკრაინელებმა აპარატების შესაძენად შეაგროვეს.
კომპანია Baykar-ის განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად უკრაინელებმა სახალხო კამპანია წამოიწყეს და თანხაც შეაგროვეს, თუმცა საფასურის მიღებას არ აპირებენ და სურთ, რომ შეგროვებული თანხა მამაც და მებრძოლ უკრაინელ ხალხს მოხმარდეს.
შეგახსენებთ, უკრაინაში გასულ კვირას წამოიწყეს კამპანია შეიარაღებული ძალებისთვის 3 უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად, რასაც დაახლოებით 450 მილიონი უკრაინული გრივნა სჭირდებოდა. სამ დღეში მოგროვდა თანხა, რომელიც არათუ სამის, არამედ ოთხი აპარატის შესაძენადაც იქნებოდა საკმარისი.