რუსეთთან მომლაპარაკებელი დელეგაციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინამ, შესაძლოა ოკუპანტებთან მოლაპარაკებები აგვისტოს ბოლოს, კონტრშეტევებზე გადასვლის შემდეგ განაახლოს. ამის შესახებ არახამიამ "ამერიკის ხმასთან" განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა განაახლოს, როდესაც ფრონტზე პოზიციებს გაიმყარებს, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რას გულისხმობდა.
"ჩვენ არ გვსურს ჩვენი გეგმები რუსებს გავუზიაროთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადგილზე კონტრშეტევას განვახორციელებთ", - თქვა მან.
17 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაპაუზებულია რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთი არ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ესმის მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესების.
14 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებებისთვის, მას შემდეგ რაც ისინი მზად იქნებიან ომის დასრულებისთვის.