საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ იმართება.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე (TWIC) მთელი მსოფლიოდან ქალი ლიდერები მოიყრიან თავს, რათა მშვიდობისა და კონფლიქტების წინააღმდეგ ერთგულების გზავნილი გააჟღერონ.
ამ ტიპის კონფერენცია პირველად ტარდება რეგიონში და გააერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს - პოლიტიკა, დიპლომატია, სამოქალაქო საზოგადოება, კულტურა, ბიზნესი, მედია, სპორტი, ქველმოქმედებასა და აკადემია, ისევე ქალებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კონფლიქტის ტრაგედია.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე საზოგადოებებში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინიციატივის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან და გაეროს ოფისთან საქართველოში.
კონფერენციას გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელდმა, პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილემ მალგოჟატა გოშიევსკამ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ საბერძნეთის პრეზიდენტის კატერინა საკელაროპულუს, ეუთოს გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის ამინა ჯ. მუჰამედის ვიდეო მიმართვები.
მთელი დღის განმავლობაში, კონფერენცია მოიცავს პანელებს, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ კონფლიქტების წინაშე მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: პირად გამოცდილებები, ქალი კორესპონდენტების თვალით დანახულ კონფლიქტები, ლტოლვილთა კრიზისში მყოფი ქალები, გენდერულ ძალადობა და პოლარიზაცია, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
კონფერენცია ტარდება გლობალური გამოწვევების უმნიშვნელოივანეს პერიოდში. კონფერენცია აჟღერებს უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მესიჯს. გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მდებარეობიდან გამომდინარე, კონფერენციაზე ასევე ყურადღება გამახვილდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალების, როგორც ხიდის მშენებლებისა და დიალოგის შემქმნელების როლზე მშვიდობისა და სტაბილურობის მოსატანად.