კანადამ და დანიამ მოაგვარეს მრავალწლიანი ტერიტორიული დავა ჰანსის კუნძულის თაობაზე, რომელიც გრენლანდიის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს.
ოტავასა და კოპენჰაგენს შორის შეთანხმების გაფორმების შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
დავის საგანი იყო კუნძული ჰანსი (ასევე ცნობილი როგორც ტარტუპალუკი), რომელიც მდებაროებს კანადის ნუნავუტის ტერიტორიასა და გრენლანდიას შორის არსებული სრუტის ცენტრში. გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.
სადავო ტერიტორია, რომელიც ფართობი 1.2 კმ²-ს არ აღემატება, წარმოადგენს დაუსახლებელ კლდოვან კუნძულს, მცენარეულობისა და ღირებული რესურსების გარეშე.
ჰანსის კუნძულის საკუთრების შესახებ დავა, რომელსაც ორი ქვეყანა 1973 წლიდან აწარმოებს, ცნობილია, როგორც "ვისკის ომი".
კანადისა და დანიის წარმომადგენლები პერიოდულად ჩადიოდნენ სადავო კუნძულზე, აღმართავდნენ თავიანთ დროშას და მეორე მხარის წარმომადგენელს პატარა საჩუქარს უტოვებდნენ. დანიელები თავიანთ დროშასთან ერთად კანადელებს სახელგანთქმული სკანდინავიური სასმლის, აკვავიტის ბოთლს უტოვებდნენ, ხოლო კანადელები დანიის დროშას კანადის დროშით ანაცვლებდნენ და ვისკის ბოთლს ტოვებდნენ. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი.
ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კუნძული ორ მხარეს შორის თითქმის თანაბრად გაიყო, ხელი მოეწერა კანადის დედაქალაქ ოტავაში. ტერიტორია, რომელიც დანიამ მიიღო, ოდნავ აღემატება კუნძულის ტერიტორიას, რომელიც ახლა კანადას ეკუთვნის.
"ჩვენ ვქმნით პრეცედენტს", - თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. "ჩვენ ვაჩვენებთ სხვა სახელმწიფოებს, როგორ გადაწყვიტონ ტერიტორიული დავები".
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე იხუმრა, რომ კანადა, რომელსაც ახლა სახმელეთო საზღვარი აქვს ევროპულ ქვეყანასთან, ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა აღნიშნა, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც "საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დადგენილი წესრიგისადმი პატივისცემას საფრთხე ემუქრება"