პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი ოჯახის წევრს რუსეთიდან თანხა ერიცხება.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთიდან ფული მამამისს, გოგი ხოშტარიას ჰონორარის სახით ერიცხება.
"ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.
ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო :-))
მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ეროცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.
რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.
არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს", - დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
"მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან", - ნათქვამია იმედის სიუჟეტში.
შეგახსენებთ, 10 ივნისს, ელენე ხოშტარიამ "ქართული ოცმების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების ვინაობა დაასახელა და მათი სანქცირება მოითხოვა. ამ ბიზნესმენებს შორის ხოშტარიამ "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძეც დაასახელა.