პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ისაუბრა, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის.
ამავდროულად, ხოშტარიამ დაასახელა "ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესოლიგარქები", რომელთა სანქცირებაც მნიშვნელოვანია.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოლიგარქიული მმართველობა დგას გარკვეულ საყრდენებზე. ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი ოლიგარქიული პირამიდა არსებობს, რომელთა სანქცირებაც იქნება მნიშვნელოვანი. მინდა საზოგადოებას გავაცნო იმ ბიზნესოლიგარქიული ადამიანების სია, რომელთა სანქცირებაზეც ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაასახება იმ ბიზნესმენების სახელები და გვარები, რომელთა სანქცირებისთვის პარტია პარტნიორებთან მუშაობას გეგმავს:
"დავით ხიდაშელი - ეს არის ღიად კრემლთან დაახლოებული, ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი, რომელიც მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის სირიაში, უკრაინაში და საქართველოში და რომელიც დღეს სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური შეღავათებით ქართული ოცნების მხრიდან. ის უნდა იყოს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილთან ერთად;
უჩა მამაცაშვილი - ის არის, პრაქტიკულად, საქართველოში არაფორმალური მმართველი ეკონომიკის, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არის სანკტ-პეტებურგის ყოფილი მერის პარტნიორი, რომელიც ასევე არის სანქცირებული. ძალიან ცხადი და ღია არის კავშირები კრემლთან;
ვანო ჩხარტიშვილი - გარდა იმისა, რომ მონაწილეობდა არაერთ კორუფციულ გარიგებაში, მაგალითად თამბაქოს სფეროში, მისი ღია და ოფიციალური მმართველია "როსნეფტი", რომელიც ფლობს 49 პროცენტს ფოთის ნავთობ ტერმინალში;
ოთარ ფარცხალაძე - მაფიოზი, რომელიც იყო პროკურორი. მას შემდეგ, რაც მოუწიათ მისი გადაყენება რჩება პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მაკონტროლებლად. ასევე, არის კორუფციულ ბიზნეს გარიგებაში;
ირაკლი რუხაძე - გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ იმედს, GDS-ს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება, მათ შორის სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი."
ელენე ხოშტარიას თქმით, ამ ოლიგარქებზე დგას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა.
"ამ ადამიანების სამხელი მასალები გვაქვს, შევაგროვებთ მასალებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს იმისთვის, რომ მოვარღვიოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი დაბრკოლება", - დასძინა ხოშტარიამ.