"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციას არ უერთდება.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ინიციატივას "არასერიოზული" უწოდა.
"ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ "ომის პარტიასთნ", რომელსაც მან თავად უწოდა რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავადვე სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.
ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაში, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების საფუძველზე - სამართლიან პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს", - თქვა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ "ასეთ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ".
"როცა შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, ბუნებრივია, იქნება სერიოზული ხარვეზები რაოდენობის, ლოჯისტიკის და ა.შ. კუთხით. ბუნებრივია, ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა"- თქვა კობახიძემ.