ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის, - წერს ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც 10 ივნისს, თქვა, რომ - "თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას".
„ევროკავშირი და მისი წევრობის კანდიდატი ქვეყნები ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. სწორი არჩევანი იქნება ყველასათვის სასარგებლო, არასწორი - არავისთვის! მითუმეტეს ამ დროს ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას და გადაწყვეტილებაც ერთობლივად, ობიექტურად, ემოციების და ყოველგვარი სეგმენტაციის გარეშე უნდა იქნას მიღებული.
წესები უნდა დავიცვათ ქვეყნის შიგნითაც. და თუკი სიტყვის თავისუფლების მეტი ხარისხი გვსურს, პატივი უნდა ვცეთ საწინააღმდეგო აზრსაც.
ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც ალტ-ინფოს ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან.
რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების "ბოგინი". გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?!
ლომჯარია "მიბრძანებს" რომ გავჩუმდე: - "როგორ ბედავ ამის თქმას?!", მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც!
მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე!
შევთანხმდეთ ორივეზე და ქართველი ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ნანატრი სურვილი ახდება, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი, რომელიც საერთო პასუხისმგებლობას გაიზიარებს“, - წერს ხუნდაძე.