6 ივნისს, საღამოს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.
მედიის ცნობით, კენჭისყრა დაგეგმილია ადგილობრივი დროით 18:00-დან 20:00 საათამდე.
კონსერვატიული პარტიის დეპუტატების სულ მცირე 15%-მა, ანუ 54-მა ადამიანმა ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის წერილი უკვე წარუდგინა ე.წ. 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარეს გრეჰემ ბრედის.
როგორც იუწყებიან, პრემიერ-მინისტრის ოფისი მიესალმა უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მათი თქმით, "ეს დაასრულებს სპეცკულაციებს და მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, წინსვლა გააგრძელოს".
ბორის ჯონსონის მიმართ გადადგომის მოწოდებები უკავშირდება 2020-2021 წლებში, პრემიერ-მინისტრის ოფისში გამართულ წვეულებებს, როდესაც ლონდონი პანდემიის გამო, მკაცრი ლოკდაუნის პირობებში იმყოფებოდა.
მაისში, ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა სუ გრეიმ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის თაობაზე. როგორც გაირკვა, პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეთ წვეულებაში, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია პოლიტიკოსთა რიგებსა და საზოგადოებაში.
ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადასაყენებლად 180 დეპუტატის ხმაა საჭირო.