საინფორმაციო სააგენტო AFP, რუსეთის დელეგაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ 17 თებერვალს ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი „ძალიან დაძაბული“ იყო.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით იმართება, მცდელობაა, დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი, რომელმაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უკრაინის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.
აბუ-დაბიში მხარეებს შორის მოლაპარაკებების წინა ორ რაუნდს გარღვევა არ მოჰყოლია.
რუსეთის დელეგაციასთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ ბოლო მოლაპარაკებები „ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა“.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ექვს საათს გაგრძელდა.