დანიის მოსახლეობის ორმა მესამედმა, დაახლოებით 66.9%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან თავდაცვის პოლიტიკასთან შეერთებას.
ამრიგად, რეფერენდუმის შედეგების თანახმად, გაუქმდება დებულება, რომელიც დანიის ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისგან დისტანცირებას გულისხმობდა.
რეფერენდუმის შედეგები, რომელიც 1-ელ ივნისს გაიმართა, დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა.
ამიერიდან, დანია ჩაერთვება ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფაში, თავის სამხედროებს ჩართავს ევროკავშირის მისიებში და პარტნიორებს დაეხმარება შეიარაღების ახალი სისტემების შემუშავებაში.
დანია იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც არ მონაწილეობდა ერთიან თავდაცვით პოლიტიკაში. ამ დრომდე, კოპენჰაგენი მხოლოდ ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში იყო ჩართლი. დანიის სამეფო ამ პოზიციას 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე, დანიის პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ, მათ შორის მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა, მხარი დაუჭირეს ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკაში კოპენჰაგენის მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის თქმით, დანიამ "ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა თავის მოკავშირეებს ნატოსა და ევროპაში, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს".
"ჩვენ ვაჩვენებთ, რომ როდესაც პუტინი შეიჭრება თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში და ემუქრება ევროპის სტაბილურობას, ჩვენ ვაძლიერებ ერთმანეთის მხარდაჭერას", - დასძინა მან.
დანიის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება არამხოლოდ დანიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.