მონტენეგრო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
შესაბამისი პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე მონტენეგროს ვიცე პრემიერ-მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა დაადასტურა.
"შეხვედრაზე მონტენეგროს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
აღნიშნულის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე, მონტენეგროში მიმდინარე რეფორმებისა და მათი შედეგების შესახებ. გარდა ამისა, აღინიშნა მონტენეგროს მხარდაჭერისა და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებში.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.