"საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ პასუხისმგებლობას იურიდიულად ჟენევის ფორმატში მაშინ აიღებს, როცა ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას რუსეთიც შეძლებს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა ისედაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში მზადყოფნა გამოთქვა, რომ ეს ინიციატივა წერილობით გადაუგზავნოს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ჟენევას, ეს არ არის ცალმხრივი ფორმატი. ამიტომ საქართველო მზად არის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს იმ შემეთხვევაში, თუ რუსეთი ანალოგიურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც აიღებს," - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ-მა პრემიერმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს შეუძლია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე "ქაღალდზე გადაიტანოს".