საქართველოს 11 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი შესაბამის თანამდებობებზე დამტკიცებას პარლამენტი წლის ბოლომდე მოახდენს.
მისივე განმარტებით, ელჩების კანდიდატურები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, მიმდინარე კვირის განმავლობაში კი, ისინი საკომიტეტო მოსმენებზე გავა.
"საზღვარგარეთის ქვეყნებში ელჩების როტაცია გეგმიურად ხორციელდება", - განაცხადა კალანდაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე ოთარ ბერძენიშვილია წარდგენილი, რომელიც ამჟამად სს სამინისტროს აშშ-ს დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მექსიკაში მალხაზ მიქელაძე დაინიშნება, შვედეთში - პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ხოლო პოლონეთში სლოვაკეთის ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, სლოვაკეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი, აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბულში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა. ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს მისივე მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის ინტერესებს უკვე შვეიცარიაში დაიცავს. გარდა ამისა, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიასა და ეგვიპტეშიც, სადაც, შესაბამისად, გოგა გორგილაძის და არჩილ ძულაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი. ამასთან, როტაცია შეეხება სომხეთის ელჩსაც. ამ თანამდებობაზე ედპ-ს წევრი თენგიზ შარმანაშვილი სახელდება, რომელიც ამ პოსტზე, ნინო კალანდაძის განმარტებით, თავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კადრია.
რაც შეეხება აზერბაიჯანში ქვეყნის ელჩის ირაკლი ქავთარაძის უკან გამოწვევას, აღნიშნულს "საკანონმდებლო ორგანოში მისი საჭიროებით" ხსნიან.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ირაკლი ქავთარაძე ამ ეტაპზე პარლამენტში უფრო საჭიროა და არ გვინდა, რომ მისი ელჩად გადაყვანით საგარეო კომიტეტის მუშაობა დავასუსტოთ" - აღნიშნა კალანდაძემ.