გუშინწინ, ამ დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები დაინიშნა, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა, საგნობრივად გვესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებს არანაირი მოსაზრებები არ ჰქონდათ სიღრმისეული დისკუსიისთვის და საბოლოო ჯამში, როგორც ერთ ცნობილ ქართულ კინოფილმში „ფეოლაში“ ერთი ცნობილი სცენა არის - ბავშვები 14-ით ნულს წააგებენ, ასეთი გალახული ბავშვებივით დატოვეს დარბაზი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სამხარაძე ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილს განცხადებას, რომ „საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში არაევროპული ცხოვრების სტილს ამკვიდრებს“.
„ეს ტრიბუნა მსურს საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოვიყენო, თუმცა, ბატონ დავითს [უსუფაშვილი] მინდა ვუთხრა, კიდევ რას არ იმსახურებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა, ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს, ამას არ იმსახურებს. კიდევ იცით რას არ იმსახურებს? არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს, არც ამას არ იმსახურებს და თქვენს ლიდერს, ამასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, დრო არ მაქვს ბევრი, თორემ კიდევ ბევრ რამეს გეტყვით, რას არ იმსახურებს, თქვენი სახით.
თანამედროვე ცვალებად გარემოში. ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და სუვერენიტეტის განმტკიცება. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, სწორედ ამ მიმართულებებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა სამხარაძემ.