ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს, საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მივმართო ალეკო ელისაშვილს, შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ, რათა ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ. კარგად იცით, რომ ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალება, რათა მისი სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს. იმედია, სერიოზულად არ თქვით ეს სიტყვა. როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ის ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 22% ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ინტერესები დაიკმაყოფილონ, ასევე მაშინ, როდესაც ქვეყანაში „მეხუთე კოლონა“ გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ომში იყოს ჩათრეული, მგონი გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს. ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს. საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვს იმ ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას. მნიშვნელოვანია ამის გააზრება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ოპოზიციონერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადა: “პოლონეთი აწვდის საბჭოურ იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის უკრაინას და სანაცვლოდ, შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ. მოვიშოროთ საბჭოური ჯართი და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში.
პრობლემა იმაშია, რომ სურვილს ვერ ვხედავ ჩვენი ხელისუფლების, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას“,-განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა”.