პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი "ქართული პარტიის" სახით პოლიტიკურ არენაზე ახალი მოთამაშის გამოჩენას უარყოფითად აფასებს.
"ხალხთან ერთი შეკითხვა მაქვს: თუ ჩვენ დღეს მზად ვართ გვერდით დავიყენოთ ეროსი კიწმარიშვილი, მაშინ რას ვერჩით სააკაშვილს?", - განაცხადა სარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში და აქვე განმარტა, რომ კიწმარიშვილი არსებულ ხელისუფლებაზე ორგანულადაა მორგებული.
"ეროსი კიწმარიშვილი არის ამ ხელისუფლების არა პირმშო, არამედ ერთ-ერთი შემოქმედი. აქ არ არის საუბარი, რევოლუციაში ვინ რა როლი შეასრულა. შეიძლება რაღაც როლი შეასრულო, მაგრამ... ეროსი კიწმარიშვილი ორგანულადაა მორგებული ამ ხელისუფლებაზე. არათუ ნაკლები, ალბათ, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა სწორედ აქვს იმაზე, რაც 2003 წელს მოხდა. ადამიანი არ იცვლება", - განმარტა სარიშვილმა.
რაც შეეხება "ქართული პარტიის" სხვა ლიდერებს, სარიშვილის შეფასებით, "გაჩეჩილაძე ინარჩუნებს თავის მდგომარეობას, რომელშიც ის ბოლო წლების განმავლობაში იმყოფება, ანუ სრულ გაუგებრობაშია და სრულ გაუგებრობაში უნდა იმყოფებოდეს კოკა გუნცაძეც".
"რაც შეეხება უქრუაშვილს, მას ლოგიკასთან აქვს პრობლემები, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების, რითიც ის იმუქრება, პარიზიდან მოწყობა, ცოტა არ იყოს სასაცილოა", - დასძენს სარიშვილი.
"იმედის" ლიდერი მხოლოდ "ქართული პარტიის" კრიტიკით არ შემოიფარგლება და განმარტავს, რომ "ნებისმიერი დაჯგუფება, რომელიც ბოლო სამი წელია ჩანს ოპოზიციურ ფლანგზე, ნებსით თუ უნებლიეთ, სიბრიყვით თუ შეგნებულად, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს".