შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20-24 მაისს იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ორივე ქვეყნის ლიდერებთან.
თეთრი სახლიის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი ეწვევა ამ ქვეყნებს "ჩვენს მთავრობებს, ეკონომიკასა და ხალხებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით".
თითოეულ ქვეყანაში ბაიდენი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ადგილობრივ ლიდერებთან - კორეის რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან.
"სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებთან ბაიდენი განიხილავს როგორ გააღრმავოს უსაფრთხოების კავშირები, გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები და გააფართოვოს თანამშრომლობა პრაქტიკული შედეგების მისაღწევად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ასევე ტოკიოში, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (QUAD, რომელიც შედგება აშშ-ს, ავსტრალიის, ინდოეთის და იაპონიისგან) ლიდერებს.
გარდა ამისა, CNN-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში ბაიდენი ხელს მოაწერს კანონპროექტს უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც წინა დღით დაამტკიცა აშშ-ის სენატმა.
ოთხშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბაიდენის ვიზიტის დროს სარაკეტო ან ბირთვული გამოცდების ჩატარების შესაძლებლობას. სალივანის თქმით, ტესტები შეიძლება ჩატარდეს პრეზიდენტის მოგზაურობის პირველ ან მეორე დღეს და ამერიკული მხარე მზად არის ყველა სცენარისთვის.