"ჩვენი სიმამაცე აოცებს მსოფლიოს, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას!" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროვიზიის კონკურსზე უკრაინის გამარჯვებას.
ზელენსკიმ მუსიკოსებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარიუპოლმა უმასპინძლოს ევროვიზიის კონკურსის მონაწილეებსა და სტუმრებს. თავისუფალი, მშვიდობიანი, აღდგენილი!... დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ამავდროულად, უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ უკვე ფიქრობს 2023 წლის კონკურსისთვის შესაფერისი ადგილის შესარჩევად.
შეძლებს თუ არა უკრაინა მომავალ წელს ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის მასპინძლობას, ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად, ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებების გამართვა, საომარი მოქმედებების გამო შეუძლებელია.
ევროვიზიის წესების თანახმად, თუ გამარჯვებულ ქვეყანას არ აქვს კონკურსის ჩატარების პირობები, ორგანიზატორს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) შეუძლია კონკურსი სხვა ქვეყანაში გადაიტანოს.
ევროვიზია 2023-ის უკრაინაში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ EBU-ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.