ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ის იქნება.
უკრაინის სახელით ევროვიზიის კონკურსზე ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას მხოლოდ 6 ქულა მიანიჭა. თუმცა ქართველი მაყურებლისგან უკრაინამ უმაღლესი, 12 ქულა დაიმსახურა.
ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს მიაკუთვნა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
ინფორმაციის განახლება:
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
"ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.