თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლის წინააღმდეგია, რადგან ამ სკანდინავიური ქვეყნების ხელისუფლებები მხარს უჭერენ ქურთ ექსტრემისტებს, - განაცხადა შაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
"თურქეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ორი ქვეყნის წევრობის წინააღმდეგია. ხალხი გვთხოვს, დავბლოკოთ მათი შესვლა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბერლინში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანკარა მიუღებლად თვლის ნატოში იმ ქვეყნების ყოფნას, რომლებიც "მხარს უჭერენ ქურთულ ფორმირებებს, რომელთა წინააღმდეგაც თურქული არმია იბრძვის".
"ამ ყველაფერზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოკავშირეებთან და ამ ორ ქვეყანასთან", - დასძინა მან.
ცოტა ხნით ადრე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთისთვის ნატოს კარს არ ხურავს.
კალინის თქმით, ანკარა სტოკჰოლმსა და ჰელსინკისთან დისკუსიებსა და მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უარყოფითად უყურებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების იდეას.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამ საკითხთან მიმართებით "დადებითად არ არის განწყობილი", რადგან მისი თქმით, "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები "აქტიურობენ ამ სკანდინავიურ ქვეყნებში".
ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ, ფინეთის ლიდერებმა განცხადება 12 მაისს გააკეთეს. მოელიან, რომ უახლოეს ხანებში ფინეთს შვედეთიც შეუერთდება.
ნატოში ახალი წევრის მიღებას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობა ესაჭიროება.