თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ უარყოფითად უყურებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების იდეას, იტყობინება სააგენტო Anadolu.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამ საკითხთან მიმართებით "დადებითად არ არის განწყობილი", რადგან მისი თქმით, "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები "აქტიურობენ ამ სკანდინავიურ ქვეყნებში".
მან აღნიშნა, რომ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წარმომადგენლები, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, "ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრებიც კი არიან".
"სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტულ ორგანიზაციებს მასპინძლობენ... ისინი ზოგ ქვეყანაში პარლამენტშიც კი არიან. შეუძლებელია ჩვენ ამის მომხრე ვიყოთ" , - თქვა ერდოღანმა.
"შვედეთი იქცა "ქურთისტანის მუშათა პარტიისა" და სხვა ტერორისტული ჯგუფების სამშობლოდ", - ციტირებს თურქული მედია ერდოღანის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ნატოშ გაწევრიანების განზრახვის შესახებ, ფინეთის ლიდერებმა განცხადება 12 მაისს გააკეთეს. მოელიან, რომ უახლოეს ხანებში ფინეთს შვედეთიც შეუერთდება.
ნატოში ახალი წევრის მიღებას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობა ესაჭიროება.