თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იბრაჰიმ კალინი ამბობს, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთისთვის ნატოს კარს არ ხურავს.
იბრაჰიმ კალინის განცხადებით, ამ საკითხს ანკარა თურქეთის "ეროვნული უსაფრთხოების საკითხად" მიიჩნევს, რადგან სკანდინავიურ ქვეყნებში "ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია" იმყოფება.
სააგენტო Reuters-თან საუბრისას, კალინმა გამოყო სტოკჰოლმი, როგორც განსაკუთრებულად პრობლემური სფერო.
მისი თქმით, ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, "განსაკუთრებულად ძლიერად სწორედ შვედეთშია წარმოდგენილი".
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, გვქონდეს დისკუსია, მოლაპარაკებები ჩვენს შვედ კოლეგებთან", - თქვა კალინმა.
შეგახსენებთ, 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უარყოფითად უყურებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების იდეას.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამ საკითხთან მიმართებით "დადებითად არ არის განწყობილი", რადგან მისი თქმით, "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები "აქტიურობენ ამ სკანდინავიურ ქვეყნებში".
ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ, ფინეთის ლიდერებმა განცხადება 12 მაისს გააკეთეს. მოელიან, რომ უახლოეს ხანებში ფინეთს შვედეთიც შეუერთდება.
ნატოში ახალი წევრის მიღებას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობა ესაჭიროება.