გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ხუთშაბათს, მიიღო რეზოლუცია კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ.
რეზოლუცია, რომელიც უკრაინამ წარადგინა და მხარი 33-მა ქვეყანამ დაუჭირა, კომისიას უფლებამოსილებას აძლევს გამოიძიოს მოვლენები კიევის ოლქის რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარი იმყოფებოდა.
რეზოლუციის კენჭისყრისას 12-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა - ჩინეთი და ერითრეა.
კომისია ანგარიშს მომავლი წლის დასაწყისისთვის მოამზადებს.
"რაიონებში... რომლებიც ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ თებერვლის ბოლოსა და მარტში, მოხდა ადამიანის უფლებების ყველაზე შემაძრწუნებელი დარღვევები ევროპის კონტინენტზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაფაროვამ.
შეგახსენებთ, გასულ თვეს რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს უკრაინაში სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო.
იმავე სხდომაზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებულია რუსეთის ძალების მხრიდან შესაძლო ომის დანაშაულები.
„კიევიდან ჩრდილოეთის რაიონებში, უკანონო მკვლელობების მასშტაბები, მათ შორის მასობრივი სიკვდილით დასჯის ნიშნები, შოკისმომგვრელია“, - განაცხადა მან.
ქვეყნები, რომელთაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ასევე მოითხოვენ ბაჩალეტისგან ივნისის სესიაზე წარადგინოს განახლებული ინფორმაცია მარიუპოლში მომხდარ დარღვევებზე.
„ერთად მუშაობით ჩვენ უნდა გავუგზავნოთ დამაჯერებელი სიგნალი მათ, ვინც მონაწილეობს ამ სასტიკ ომში თავისი არჩევანით და უზრუნველვყოთ მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ადამიანების უფლებათა საკითხებში მიშელ ტეილორმა.