გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დანიშნა კომისიის სამი წევრი, რომლებიც შეაგროვებენ მტკიცებულებებს უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით.
Reuters-ის ცნობით, კომისია შეიქმნა უკრაინისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წინადადებით.
კომისიას მოუწევს მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების შეგროვება, რომლებსაც მომავალ სასამართლოს პროცესებში გამოიყენებენ.
კომისიას სათავეში ჩაუდგა ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ერიკ მოისე. მასთან ერთად კომისიის შემადგენლობაში შედიან ბოსნია და ჰერცეგოვინის ადამიანის უფლებათა კომისარი იასმინკა ჯუმჰური და ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი კოლუმბიელი პაბლო დე გრეიფი.
უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიას ადანაშაულებენ ომის დანაშაულებში, მათ შორის ქალაქების განურჩევლად დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს.
რუსეთიც და უკრაინაც ახლა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შორის არიან. რუსეთმა, Reuters-ის ცნობით, გააპროტესტა კომისიის შექმნა.
შეგახსენებთ, 4 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უკრაინაში რუსეთის მიერ უფლებების დარღვევის გამოძიებას და შესაბამისი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმა უკვე დაიწყო უკრაინაში რუსეთის მიერ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება