ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა ოფიციალურად დაიწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დანაშაულებზე.
კარიმ ხანმა დაადასტურა, რომ გამოძიების ფარგლებში, დაიწყო უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება.
მანამდე, 2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 38-მა ქვეყანამ მიმართა, მათ შორის საქართველომ.
როგორც იუწყებიან, სასამართლოს ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური მიმართვაა, რამაც შესაძლებლობა მისცა მთავარ პროკურორს ამ მიმართვის საფუძველზე, თავისი ინიციატივით წამოეწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების თაობაზე.
რომ არა ქვეყნების მიმართვა, რუტინული პროცედურის თანახმად, გამოძიების დასაწყებად, მთავარ პროკურორს სისხლის სამართის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა ნებართვა დასჭირდებოდა. 28 თებერვალს კარიმ ხანმა თქვა კიდეც, რომ სასამართლოდან ნებართვის მოპოვებას გეგმავდა.
ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვის ინიციატივით დიდი ბრიტანეთი გამოვიდა, რომელსაც მხარი აუბა ათეულობით სახელმწიფომ.
"დღეს, 38-მა ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინი ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად ვერ ჩაიდენს", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ისტორიაში პირველად, რომის სტატუტის წევრმა 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, კოლექტიურად მიმართა ჰააგის სასამართლოს პროკურორს, რათა დაიწყოს უკრაინაში მიმდინარე აგრესიის დროს რუსეთის მიერ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება.
სასამართლოში მიმართვას გაერთიანებული სამეფოს გარდა, ასევე მხარი დაუჭირა საქართველომ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ.