4 მარტს, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა საბჭოს შესაბამის რეზოლუციას საბჭოს 47 წევრიდან 32-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი და ერითრეა წავიდნენ. საბჭოს 13-მა წევრმა, მათ შორის რუსეთის ტრადიციულმა მოკავშირეებმა, ჩინეთმა, კუბამ და ვენესუელამ თავი შეიკავეს.
ამავდროულად, ადამიანის უფლებათა საბჭომ "მკაცრად დაგმო ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად".
ამასთან, ეს რეზოლუცია გზას უხნის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. რეზოლუცია მოითხოვს სამი გამომძიებლის დანიშვნას, "რათა დაადგინონ ნებისმიერი დარღვევის ფაქტები, გარემოებები და მიზეზები და შეაგროვონ მტკიცებულებები "იმ მიზნით, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ".