გასაგებია, რომ ძნელია ციხეში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციხეში აბსოლუტურად სხვა პირობებია. მაგრამ სასჯელი არის სასჯელი და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თეა წულუკიანი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ინიციატივას, რომ სააკაშვილს თავდებში დაუდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.
წულუკიანის თქმით, თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, უცნაური გამოგონებაა.
"გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა. აქვე დავძენ, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიყავით ოპოზიციაში და დღეს ვართ ხელისუფლებაში. ეს არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება. შესაბამისად, პენიტენციური სამსახური, როგორც ჩემი მინისტრობის დროს ყველაფერს აკეთებდა და იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ხანდახან საჭირო იყო, რომ ბატონი ბაჩო ახალაიას, ბატონი ვანო მერაბიშვილის, ძალიან ბევრი მწვალებლის, რომლებიც ციხეებში მუშაობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოფილიყო ზედმიწევნით დაცული, სწორედ ასე გრძელდება დღესაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.
მთავარი აქ არის ის, რომ თავად პატიმარმა მოისურვოს ის მზრუნველობისა და მკურნალობის მიღება, რომელსაც სახელწიფო სტრუქტურები მას სთავაზობენ. გასაგებია, რომ ძნელია ციხეში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციხეში აბსოლუტურად სხვა პირობებია. მაგრამ თავისუფლების აღკვეთა არასდროს არ არის მაინც ადვილი, ეს ყველაფერი გასაგებია; მაგრამ სასჯელი არის სასჯელი და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.