"ყირმის ხიდი აუცილებლად დაინგრევა, ეს დროის საკითხია", - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსიევმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის არმიას ამოცანის შესასრულებლად უკვე აქვს აუცილებელი იარაღი, მაგრამ სამხედროებმა "აზოვის ზღვის სანაპიროსთან უფრო ახლოს უნდა წაიწიონ".
გამოცემა "ვოტ ტაკ" აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გაჩნდა ყირიმის ხიდის განადგურების დროის უკუათვლის ვებგვერდი. ვებგვერდის თანახმად, ხიდის განადგურება უნდა მოხდეს 9 მაისს.
მანამდე ლატვიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა იანის სლაიდინუშმა ასევე ივარაუდა, რომ უკრაინის ძალებმა ყირიმის ხიდს სწორედ აღნიშნულ რიცხვს უნდა დაარტყან. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დაზიანება სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რადგან ამ ხიდის მეშვეობით იარაღი მთელ სახრეთის მიმართულებას მიეწოდება.
ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, ექსპლუატაციაში 2019 წელს შევიდა, ის თითქმის 19 კმ სიგრძისაა. მშენებლობის ღირებულება კი დაახლოებით 250 მლრდ რუბლს შეადგენს.
უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის არმიამ აზოვის ზღვის სანაპირო მთლიანად დაიკავა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს ამ მომენტისთვის აკონტროლოს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზები ყირიმის ნახევარკუნძულამდე.