უკრაინს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინაში ათჯერ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო, რაც იმას მოწმობს, რომ რუსეთი გენოციდს შეგნებულად სჩადის. მან ამის შესახებ პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა უკრაინელებისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ომია.
"სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა ათჯერ აღემატება მსხვერპლს სამხედროებს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ომის დანაშაულები - ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს არის გენოცოდი უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს წვდომა, თუმცა ვხედავთ საშინელ კადრებს მარიუპოლიდან. იქ უკვე ათობით ათასი ადამიანია დაღუპული", - განაცხადა შმიგალმა.
დღეს, შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომისგან მიყენებულმა ზიანმა უკვე 600 მლრდ დოლარს გადააჭარბა. მისი თქმით, უკრაინის აღდგენისთვის მთავარი წყარო რუსული ფული უნდა გახდეს, ამიტომაც უკრაინის ხელმძღვანელობა შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას უკრაინისთვის რუსეთის გაყინული აქტივების გადაცემის შესახებ.