შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი. მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, ეს არ გამოვა.
„ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს სასჯელს, ეს არის ტყუილი, ასე არ გამოვა. პირველ რიგში, პატიმარს ნუ შეუქმნით ამ ილუზიას და მეორე – რა თქმა უნდა, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ასე არ იქნება. მას მოუწევს კონკრეტული სასჯელის მოხდა. ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე, სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ და შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ.