ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად თანავუგრძნობთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც ქვეყანაში რეალური ცვლილებების განხორციელების მიზნით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ქუჩის აქციებს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მიიჩნევს, რომ სახლახო კრების ორგანიზატორი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან განხორციელებული მორიგი უპასუხისმგებლო აქცია შედეგში მიმართული აღმოჩნდა არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ისინი აღმოჩნდნენ "ტროას ცხენის" ფუნქციის შემსრულებლები ოპოზიციის როგორც რადიკალური, ასევე ზომიერი ნაწილის მიმართ", _ აღნიშნულია განცხადებაში.
მისი განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების ერთადერთ და უალტერნატივო გზად კვლავაც აღიარებს, მრგვალი მაგიდის გარშემო საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესს.
"სამწუხაროა, რომ ის ქმედებები, რომელიც განხორციელდა 25-26 ნოემბერს, გარკვეული დოზით ხელს უშლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლის პროცესს, რამდენადაც ის აგულიანებს საქართველოს ხელისუფლებას", _ აღნიშნულია განცხადებაში.