"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს ვიგინდარას უწოდებს და ამბობს, რომ ის უკრაინის ხელისფლებაში შემთხვევითაა მოხვედრილი.
"გამოვარდა, თუ არ ვცდები პოდოლიაკი... ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მიხედე - ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას და იცლიან და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ამბობენ, რომ ხალხმა უნდა იმას ქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში ისიც და კიდევ ბევრი სხვა". – ამბობს ირაკლი ზარქუა.
უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას". ის ასევე გაკვირვებულია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ოლიგარქი ივანიშვილი "მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია"- ამბობს პოდოლიაკი. მისივე თქმით, "თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია".