ისლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა ისლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბიარნი იონსონთან და კომიტეტის წევრებთან.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და საპარლამენტო კავშირების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რაც რეგიონული უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ისლანდიელმა კანონმდებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მრავალპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ივნისში დაგეგმილ ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის ისლანდიის მიერ აქტიურ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
საგარეო კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა აგრეთვე გამართა ისლანდიის პრომოციის სამსახურის ხელმძღვანელთან - პეტურ ოსკარსონთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები ტურიზმის, კულტურის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების დიდი პოტენციალი და შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი სამსახურები ამ საკითხებზე მუშაობას დაიწყებენ. ნიკოლოზ სამხარაძემ ისლანდიურ მხარეს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას, საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსა და ისლანდიას შორის სატრანზიტო საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ისლანდიის უნივერსიტეტში და მსმენელებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, შავი ზღვის და კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევები, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ღონისძიებას ისლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და იგი გაშუქდა ისლანდიის წამყვანი მედია საშუალებების მიერ.
ვიზიტის ბოლოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და ისლანდიის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს