საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას უცხო ქვეყნის ჯარებისა, რომლებიც მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ აძლევს, ოკუპაციის გარდა სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს.
ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"ტერმინი "ოკუპაცია" არის დამტკიცებული საერთაშორისო სამართლით, რომელსაც იყენებს არა ერთი რომელიმე მხარე და არა მარტო საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა ქვეყნები. ახლა საუბარი იმაზე, რომ აღარ ვუწოდოთ ამ ტერიტორიებს "ოკუპირებული" არასწორი იქნება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, ქართველმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარისგან ტერმინ "ოკუპაციის" ამოღების მოთხოვნა გაუაზრებლად არის ნათქვამი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით ეს პოზიციაც შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის შეფასებით, მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყება შესაძლებელი მაშინ იქნება, როცა ქართული მხარე აღიარებს 2008 წლის აგვისტოში რაც მოხდა და უარს იტყვის ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიებზე".