პარიზში მყოფი, "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "სახალხო კრებას" ხალხით სპეკულირებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
"ხალხის იმედგაცრუებით და ნდობით სპეკულირება დანაშაულია. ის შედეგი, რაც დღეს მიიღეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც აქციის ორგანიზატორები იყვნენ, მათთვის წინასწარვე იყო ცნობილი. მესამე წელია ერთი და იგივე შეცდომებით ერთი და იგივე წრეზე დაყავთ ხალხი... დღეს ხალხმა საბოლოოდ დაინახა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და საბნის თავისკენ გადაქაჩვის პრინციპით დაარბენინებს ხალხს წინ და უკან", - ნათქვამია ოქრუაშვილის მორიგ განცხადებაში.
გარდა ამისა, ოქრუაშვილი "სახალხო კრების" ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო ბურჯანაძის მიერ რამდენიმე დღის წინ, მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება (რომ ოქრუაშვილი შორიდან იყურება და რეალობას ვერ აღიქვამს) და აცხადებს, რომ "შორიდან ყურების" მიუხედავად რეალობას ბურჯანაძეზე კარგად ხედავს.
"მე შეიძლება მართლაც ვერ ვხედავდე შორიდან რეალობას, მაგრამ ბურჯანაძეს ახლოდანაც ვერ დაუნახავს ის იმედგაცრუება, რაც ხალხს აქვს ოპოზიციის მიმართ. პოლიტიკოსების იმ ნაწილმა ვინც ხალხის გუშინდელ იმედგაცრუებას ბოლო მარილი მოაყარა, არათუ სხვის ან საკუთარ შეცდომებზე, არამედ, საეროდ ვერაფერი ვერ ისწავლა ბოლო სამი წლის განმავლობაში", - აღნიშნავს ოქრუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ განცხადებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოპოზიციის ამჟამინდელ ქმედებებს "სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების" ტოლფასად აფასებს.
"რასაც ისინი სჩადიან არანაკლები დანაშაულია, ვიდრე სააკაშვილი სჩადის საკუთარი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს ხალხის გუშინდელი გაბაიბურების შემდეგ", - დასძენს ოქრუაშვილი და აქვე ამტკიცებს, რომ რამდენიმე თვეში "ქართული პარტია" "საკმარის ძალას შეიძენს" და ხალხის "ასე უნამუსოდ" წინ და უკან სიარული დასრულდება.