მოძრაობა "თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, სახალხო კრების მიერ დადგენილი პროცესები აქციებით არ უნდა გაგრძელდეს.
"დღევანდელი აქცია ხალხის თხოვნით ხდება. მიტინგები მხოლოდ ამ ხელისუფლების მოგონილია და ჩვენ თუ მიტინგები გავაგრელეთ ეს მხოლოდ სააკაშვილის მთავრობას აწყობს. გუშინ შევქმენით კრებაზე სერიოზული სათათბირო დარბაზი და სხვადასხვა კომიტეტები, რაც პროცესების დაწყებისთვის არის აუცილებელი. უნდა დავიწყოთ ყველაფრის შემოწმება, რასაც დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. მიტინგი დღეს ჩიხია და ჩვენ ამ ჩიხში არ უნდა შევიდეთ. გუშინდელი კრება პრაქტიკულად გამარჯვებაა. იქ მოსული იყო 20 ათასი ადამიანი, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ნებას გამოხატავდა. საქართველოს სააკაშვილის მიტინგების გაშვება არ ჭირდება. ეს მისი თამაში და ჩვენ მის თამაშში არ უნდა ჩავერთოთ. სხვა მეთოდები ავირჩიეთ და სწორედ ამ მეთოდებით უნდა მოხდეს დღევანდელი მთავრობის შეცვლა", - განაცხადა შაშიაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.
პარლამენტთან აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და აქ წარმოდგენილი არიან მოძრაობა "თეთრების" გარდა ეროვნული ფორუმი, წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.