აუცილებლად მოუწევთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც შეხვედრა გვაქვს, გაამართლებს ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ არსებობს არგუმენტი, კლავდე ადამიანს ციხეში, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი დიახაც, უნდა იყოს ტყვეობაში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში, ეს ადამიანი იქნება აუცილებლად გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ და რაც არ უნდა საუბრობდნენ ბატონი კობახიძე და სხვები, რომ მიხეილ სააკაშვილმა იქ 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული. მათ აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, 28 აპრილს სააკაშვილის ოჯახმა მთავრობას მის უცხოეთში გადასაყვანად ვადა 2 მაისამდე მისცა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიწყება პერმანენტური საპროტესტო აქციები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.
დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის კლების ხარჯზე იკლებს წონაში.