საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - დედამ, მამამ და ძმებმა, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განცხადება გააკეთეს და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდეს.
სააკაშვილის ოჯახის წევრებმა მთავრობას მის უცხოეთში გადასაყვანად ვადა 2 მაისის 18:00 საათამდე მისცეს.
"მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.
მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიწყება პერმანენტური საპროტესტო აქციები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
გუშინ, 27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.
დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის კლების ხარჯზე იკლებს წონაში