"ქართული დასი" და პენსიონერთა კავშირი გადასახადების გაძვირებას აპროტესტებს და ერთობლივ მოქმედებას იწყებს.
ამის შესახებ "ქართული დასის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
"ხელისუფლებამ მიიღო კიდევ ერთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. მიუხედავად ჩვენი არაერთიგზის შეგონებისა, ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, 1 დეკემბრიდან გაზარდოს წყლის გადასახადი, ხოლო 6 დეკემბრიდან ტრანსპორტით მგზავრობის საფასური",_განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებას დაუჯდა ძალიან ძვირი, რის შემდეგაც მიიღო გადსახადების გაძვირების გადაწყვეტილება.
"გადავწყვიტეთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ უსამართლობას და სოციალურ ჩაგვრას. ამ მიზნით პენსიონერთა კავშირთან ერთად დავიწყეთ შეხვედრების ორგანიზება, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სტრუქტურირება რაიონების მიხედვით. ასეთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მთაწმინდის რაიონში, უახლოეს დღეებში შეხვედრები ჩატარდება თბილისის სხვა რაიონებშიც და სხვადასხავ რეგიონებში",_განაცხადა ბაღათურიამ.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პენსიონერთა კავშირის თავჯდომარის მერი სეხნიაშვილის თქმით, პენსიონერთა კავშირი ითანამშრომლებს "ქართულ დასთან", რათა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა, პენსიონერების გაჭირვების შესახებ.