პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ გუშინდელ სახალხო კრებაზე "ნედლი" შთაბეჭდილება დარჩა.
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აუდიტორიამ და კრების ორგანიზატორებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, ანუ მათ შორის დიალოგი ვერ შედგა. აუდიტორიას ზუსტად არ ჰქონდა გაცნობიერებული რისთვის მივიდა იქ, რადგან შემდეგ, როცა კრების ორგანიზატორთა კომენტარები მოვისმინე, აღმოჩნდა, რომ მათ გუშინდელი დღე სულ სხვანაირად ესახებოდათ", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, "როცა აუდიტორიისა და პრესდიუმის მიზანი ერთმანეთს არ ემთხვევა, გამოდის ის, რაც გუშინ გამოვიდა - აბსულუტურად არაფერი".
"ჯერ ერთი, ნამდვილად ვერ შეკრიბეს ხალხის ის რაოდენობა, რასაც ვარაუდობდნენ და იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის ბევრი რამ დარჩა გაუგებარი (მაგალითად, როგორ უნდა იბრძოლონ მიზნის მისაღწევად), ალბათ დღეს, პარლამენტის წინ გუშინდელზე ნაკლები რაოდენობის აუდიტორია იქნება, ხვალ კიდევ უფრო ცოტა ხალხი გამოვა ქუჩაში და ა.შ", - განმარტა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება იმას, სახალხო კრებისთვის დარბაზის გამოყოფაზე უარის თქმით, ხომ არ მოახდინა ხელისუფლებამ ხალხის პროვოცირება, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ "ყველაზე მეტად, რაც დღეს მთავრობას არ აწყობს, საპროტესტო აქციებია".
"არამგონია, ასეთი რამ აწყობდეს დღეს ხელისუფლებას, მით უმეტეს, ასეთი რადიკალური საპროტესტო აქციების პროვოცირება. როცა დასავლეთის მხრიდან ამდენი წინსვლა შეინიშნება, საშინაო არეულობით ყველაფრის გაფუჭება არაპრაგმატულია და ეს პოლიტტექნოლოგიაშიც არ ჯდება", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" გაიმართა, რომელსაც აქციის სახე ჰქონდა. ორგანიზატორების მოთხოვნით კრების მონაწილეები გუშინვე დაიშალნენ, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან დღეისთვის ისევ დაიბარეს.