გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული მიზნობრიობით, რიცხავდა და სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე
მინისტრის თქმით, შრომის ინსპექცია, ყოველდღიურ რეჟიმში, ცდილობს შეთანხმებას და მოლაპარაკებას იმ კლინიკებთან, რომლებსაც დღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი, კოვიდკლინიკებში ვითარებას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ვინმე თუ დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.