ნატოს ლისაბონის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის დასავლურთან გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ალიანსის წევრი-სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან ამ ინიციატივაზე უარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ "The Wall Street Journal "-ი ავრცელებს ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით.
წყაროების ინფორმაციით, მედვედევმა ეს თავისი წინადადება დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა. სამიტის მონაწილეთა თქმით, ობამამ და ნატოს წევრი სახელმწიფოების სხვა ლიდერებმა მედვედევის ეს იდეა არ მოიწონეს და განაცხადეს, რომ ეს საკითხი ჯერ ტექნიკურმა ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ.
აღსანიშნავია, რომ სამიტის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსმა მართალია რუსეთს შესთავაზა ანტისარაკეტო სისტემების შექმნაში თანამშრომლობა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს რუსეთთან ერთად ერთობლივი სისტემის აშენებას, მას მხოლოდ სურს, რომ ეს ორივე სისტემა ურთიერთქმედებდეს.
გაზეთის ინფორმაციით, წყაროები ასევე იუწყებიან, რომ მედვედევს არ წინადადებაზე უარი რბილი ფორმით ეთქვა, ვინაიდან სამიტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი მოსკოვთან თანამშრომლობას უჭერენ მხარს.