ვიცე-პრემიერის განაცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს. თეა წულუკიანის განმარტებით, საქართველო რამდენჯერმე იყო რუსეთთან დაპირისპირების პირველი ფრონტი და მთავრობა, ქვეყანაში არსებული მშვიდობის შესანარჩუნებლად ძალებს არ დაიშურებს.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ გავარდეს ტყვია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, აქ იგულისხმება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ასევე ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, არც ერთ ამ ადგილას არ მოხდეს დაპირისპირება. ვინაიდან, ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობები, ვინც ომები გამოვიარეთ და არა ერთი ომი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია, რომ საქართველო იყო პირველი ფრონტი რუსეთთან დაპირისპირების. ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა არის სისხლით მოტანილი. ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის, ანუ მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა, რომ განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.